ახალი ამბები

ლაგოდეხში 43 ჰექტარზე თხილის ბაღები გაშენდა

„საქართველოს ბანკის” მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ქალაქ ლაგოდეხში, 43 ჰა. ფართობზე თხილის ბაღები გაშენდა. კოოპერატივი „კავკასიონისთვის“ გამოყოფილმა ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.

კომპანიის დამფუძნებლის დავით ლომიძის თქმით, კოოპერატივი ყოველწლიურად 600-700 ტონა მარცვლეულისა და 1300 კგ. თხილის რეალიზაციას ახორციელებს.

„თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანას მოიცავდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა. ფართობზე ხორბალი, სიმინდი, ქერი და შვრია მოვიყვანეთ. რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეფართოებინა და ბანკის ჩართულობით, დამატებით 43 ჰა.-ზე ე.წ. „ანაკლიური“ და „გავაზური“ჯიშის თხილი დავრგეთ. სამომავლოდ, განახლებული ინფრასტრუქტურით, საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, – აღნიშნავს დავით ლომიძე.

ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა კოოპერატივ „კავკასიონს“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში წარმატება უსურვა.

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტის განვითარებაში შევიტანოთ. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, თუ როგორ ძლიერდება ბიზნესი და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობენ“, – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა.

კოოპერატივისა და ბანკის 11-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.