ახალი ამბები

რა გავლენა მოახდინა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქართული ღვინის ექსპორტსა და რეალიზაციაზე

უკვე ერთი თვეა რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარ მოქმედებებს ახორციელებს. აღნიშნულმა ფაქტმა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ევროპული კომპანიების ნაწილმა რუსეთში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა აკრძალა.

ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში ღვინის და სხვა პროდუქციის ექსპორტი ისევ ხორციელდება, თუმცა კომპანიების და მარნების ნაწილს ამ კუთხით პრობლემები შეექმნა, ნაწილმა კი პროდუქტის რეალიზება საერთოდ შეაჩერა. ერთ-ერთი კომპანია, რომლის გაყიდვებზეც აღნიშნულმა პროცესმა მოახდინა გავლენა ეს თელავის ღვინის მარანია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მათი გაყიდვები რუსეთსა და უკრაინაში შეჩერებულია. მათივე ინფორმაციით, კომპანიის საექსპორტო მოცულობაში 10% რუსეთს, ხოლო 13% უკრაინას უჭირავს.

“კურსის მკვეთრი ცვლილების გამო, ღვინის შესასყიდი ფასი რუბლში ძალიან გაიზარდა. სავალუტო ბირჟაზე პრობლემების გამო, კომპანიებს ვალუტის შეძენა და ტრანზაქციების განხორციელება უჭირთ. ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, მოსახლეობის შემოსავლები შემცირდება, ისინი ექსპორტირებული პროდუქტის შეძენას დოლარებში ვეღარ შეძლებენ, შესაბამისად, რუსეთის ბაზრის აღდგენა ემბარგოს პირობებში ძნელად სავარაუდოა. რაც შეეხება უკრაინას, საომარი მოქმედებების გამო გაყიდვები სრულიად გაჩერებულია. არსებული ბაზების ჩანაცვლება რთული პროცესია და ეს ერთ დღეში, კვირაში ან თვეში ვერ მოხდება. ექსპორტიორებს მოგვიწევს პროდუქტი სხვა ბაზრებზე გადავანაწილოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია გაიზრდება”,– ამბობს მარნის დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი.

ზურაბ რამაზაშვილი ასევე აცხადებს, რომ გაუყიდავი ღვინო პრობლემებს შეუქმნის ყველას, მათ შორის გლეხებს. მისი თქმით, ღვინის რეალიზება თუ ვერ მოხდება, ახალი რთველის საჭიროება ღვინის გადამამუშავებელ ქარხნებს და ღვინის კომპანიებს არ ექნებათ. ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ღვინის სხვა მწარმოებლებიც.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის კომპანიის ,,ხოხბის ცრემლების“ მწარმოებელი და კომპანიის დამფუძნებელი ჯონ ვუდერმანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ქართული პროდუქტის ექსპორტიორების დღის წესრიგში ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დააყენა.

მისი თქმით, ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ისეთი პარტნიორები უნდა შეარჩიონ, რომლებიც ქვეყნის მიმართ კეთილად არიან განწყობილები.

,,გვაქვს რუსეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა ჩვენი მარნის სტრატეგია რუსეთის ბაზარზე არასდროს იყო დაშენებული. ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, დანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ვახორციელებთ, რუსეთშიც გვქონია ექსპორტი, თუმცა არასდროს მქონია იმის სურვილი, რომ ღვინო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ყოფილიყო დამოკიდებული.

ჩემს კოლეგებს ვურჩევ, რომ ღვინის ბაზრები და მეგობრები ნდობაზე დაყრდნობით შევარჩიოთ. ეკონომიკური ურთიერთობა კულტურული ურთიერთობაა, ამიტომ ისეთი პარტნიორები უნდა მოვიძიოთ, რომლებიც კეთილი თვალით გვიყურებენ. საქართველოს უნიკალური ჯიშები, მიწები და ტრადიციები აქვს, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ძვირფასი, მაღალი ღირებულების სეგმენტი უნდა დავიკავოთ“, – აცხადებს ვუდერმანი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ომის გამო დაწესებული სანქციების შედეგები ქართველი ექსპორტიორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით შესამჩნევი მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება, თუმცა რა იქნება ჯამური ზარალი ომის მიმდინარეობის პირობებში, რთული საპროგნოზოა.

„თებერვალში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ წილი შემცირებულია. ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის და სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ვიდრე რუსეთში. ზოგადად, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ყველაზე რთული ჩასანაცვლებელია; გარკვეული ზარალი ამ კომპანიებს ექნებათ. გამორიცხულია, რომ სწრაფად ჩაანაცვლონ. თუმცა ტენდენცია ზრდადია ჩინეთის და ევროპის მიმართულებით.

ეს სიტუაცია შეიძლება გამოვიყენოთ დიპლომატიურად, პოლიტიკურად იმგვარად, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართულ ბიზნესს, რათა უფრო მეტად მოვახდინოთ გადამისამართება სხვა ბაზრებზე. კლასიკური ეკონომიკური კრიზისებისგან განსხვავებით, ომის გამო შექმნილი კრიზისი არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება, შეიძლება 2-3 თვეში აღდგეს, არავინ იცის ერთ თვეში დამთავრდება ომი, თუ ერთ წელში. ზარალი იქნება მიბმული ომის ხანგრძლივობაზე და იმაზე, თუ რამდენ ხანს იქნება რუსეთი მოქცეული ასეთი მკაცრი სანქციების ქვეშ“ , – განაცხადა ნამჩავაძემ.

რუსული ბაზარი ქართული ალკოჰოლური სასმელებისთვის 2013 წლიდან გაიხსნა და ყოველწლიურად ექსპორტზე გატანილი პროდუქტის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ რუსეთში ექსპორტზე $93 მლნ-ის საქონელი გაიტანა. მათგან ყველაზე დიდი წილი ფეროშენადნობებზე მოდის, რომლის ჯამური ღირებულება $32.7 მლნ რუსეთში იყო. $20.1 მილიონის ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიგზავნა, მინერალური და მტკნარი წყლების ჯამურმა თანხამ კი $9.5 მილიონი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობა მიზანმიმართული ნაბიჯებით და პოლიტიკით, რომელიც ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის ხორციელდება, მოაქვს კონკრეტული შედეგები. მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მონაცემები მზარდია.

,,ეს ფაქტი რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენს მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, მოაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები ასახულია ბოლო წლების განმავლობაში საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაში აგრარული პროდუქციის მიმართულებით.

შარშან ჩვენ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა მთლიანობაში, 200 მილიონ დოლარზე მეტი იყო აგრარული პროდუქციის ექსპორტი. იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც პროდუქცია გადის, მზარდია, რაც ასევე მიანიშნებს, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და ჩვენ ფერმერებს მაქსიმალურად ვეხმარებით ამ მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის გართულების ფაქტს გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ელჩი საქართველოში. მათი თქმით, ისინი მზად არიან ხელი შეუწყონ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდას. რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მთავარ გზად საქართველოში გერმანიის ელჩს ბაზრების დივერსიფიკაცია მიაჩნია. ჰუბერტ ქნირში მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველო ევროპის ბაზარზე გააქტიურდეს, როგორც 2006 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის შემთხვევაში მოხდა.

“მიმდინარე ომი არის გამოცდა არა მხოლოდ სამხედრო სიძლიერეზე, არამედ არის ტესტი გლობალური ეკონომიკისთვის. ვხედავთ, რომ ქართული კომპანიები აცნობიერებენ დღეს არსებულ სიტუაციას, იციან რისკებისა და საფრთხეების შესახებ, ამიტომ აქტიურად მუშაობენ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შეამცირონ ამ პროცესების გავლენა მათზე და საქართველოს ეკონომიკაზე. ამის ერთ-ერთი გზა ევროპულ ბაზარზე გააქტიურებაა.

სწორედ ახლაა დრო, რომ გადაიდგას ნაბიჯები ექსპორტის გასაზრდელად და ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ევროკავშირი და უშუალოდ გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მიმართულებით წინ წავიწიოთ. ბევრი ქართული ბიზნესი უკვე ვაჭრობს ევროკავშირში და თანამშრომლობის კარგ მაგალითებს აჩვენებს. გვახსოვს, 2006 წელი, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, სწორედ მაშინ დაიწყო ქართული ღვინის ექსპორტი ევროპაში. ეს მოდელი ახლაც უნდა განმეორდეს და უნდა განმეორდეს სხვადასხვა სექტორში”, – აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში.

ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო. მისი თქმით, ამ მძიმე პერიოდში უნგრეთი საქართველოს დასახმარებლად მზადაა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა გვჭირდება, არის მშვიდობა, რათა მოხერხდეს ვაჭრობა, რადგან ვაჭრობა თავის მხრივ მოიტანს მშვიდობას. საჭიროა გვესმოდეს: ჩვენი კეთილდღეობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ამ მძიმე მომენტში აუცილებელია ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ”, – აღნიშნავს დიპლომატი.