გურჯაანის 5 სოფლის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. სამუშაოების ფარგლებში კი გათვალისწინებულია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურების, მაგისტრალური მილებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ვეჯინსა და სოფელ გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია სოფელ კოლაგშიც. ხოლო, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ძირკოკსა და ჭანდარში. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდება ეტაპობრივად, 2023 -2024 წლებში, რის შემდეგაც ხუთივე სოფლის მოსახლეობას ექნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება’’- განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.
სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი მოხმარდება.