ახალი ამბები

კახეთის ახალი გზატკეცილის 52-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 875 მლნ ჯდება

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა კახეთში ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით შეთანხმებას.

$109-მილიონიანი საკრედიტო დაფინანსებით, საქართველომ საგარეჯოდან ბადიაურამდე 17-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი უნდა ააშენოს. ეს კახეთის ახალი მაგისტრალის რიგით მეოთხე მონაკვეთი იქნება.

საქართველოს მთავრობამ კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტი 2021 წლის ზაფხულში წარადგინა და საგარეჯომდე 35.2-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის სამი ტენდერი გამოაცხადა.

წლის ბოლოს ამ ტენდერებში გამარჯვებული ფირმები გამოვლიდნენ, რომელთა ჯამური დაფინანსებაც 537.8 მილიონ ლარს შეადგენს. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 17-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით, კახეთში სულ 52.2 კილომეტრის ახალი მაგისტრალი აშენდება, რომლის ღირებულებაც 875 მილიონ ლარს შეადგენს.

არსებული კონტრაქტები კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით:

1) თბილისი-ვაზიანის შემოვლითი 3.7 კილომეტრის სიგრძის მშენებლობის ტენდერში კომპანია New Road-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 64 მილიონ ლარად ააშენებს.

2) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია China Road and Bridge Corporation-ი, რომელიც პროექტს 313.4 მილიონ ლარად ააშენებს, შესაბამისად, ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.

3) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი, რომელიც პროექტს 149.9 მილიონად ააშენებს. შესაბამისად, ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 19.6 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ ლოტის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.

გზის შემდეგი ნაწილი იქნება საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის ბიუჯეტიც 109 მილიონ დოლარს (338 მლნ ლარს) შეადგენს. ამ პროექტის აღწერა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა უკვე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ უახლოეს ხანში მისი პროექტირებისა და მშენებლობისთვისაც გამოქვეყნდება ტენდერი.