ახალი ამბები

კახეთის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები რუსთავში ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსებას შეძლებენ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განცხადებების მიღება დაიწყო.

სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს დევნილი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონებშიც. უახლოეს მომავალში, ქალაქ რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სააგენტოს გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებული რემონტით მიიღებენ.

მისი თქმით, ქალაქ რუსთავში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით, დევნილ ოჯახებს, განაცხადის გაკეთება 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

ამ ეტაპზე, რუსთავში ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ.