ახალი ამბები

საქართველოში გამოკითხულთა 42.7%, რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში სამშობლოს იარაღით დაიცავს

IPM-ის კვლევის მიხედვით, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში მოსახლეობის 42.7% საოკუპაციო ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევს.

დამატებით 16.7% კი მოხალისეთა რიგებში ჩაეწერება. ქვეყნის დატოვების სურვილი კი მხოლოდ 1.7%-მა გამოთქვა. ქვეყნის მასშტაბით რაოდენობრივ სატელეფონო კვლევაში 1026 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა.

კითხვაზე შესაძლებლობა რომ მოგცემოდათ, გაემგზავრებოდით უკრაინის რომელიმე ქალაქსა თუ ოლქში, რათა შეგეთავაზებინათ თქვენი დახმარება მათთვის? გამოკითხულთა 47.9%-მა უპასუხა, რომ რითაც შეეძლებოდა, ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას. 10.6%-მა კი სამხედრო დახმარების სურვილიც გამოხატა, 17%-მა კი სამედიცინო დახმარების.

რესპონდენტთა 91%-მა განაცხადა, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში, მათგან 46.1% ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 17.9% სამოქალაქო-მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვებოდა, 16.3% ადგილობრივებს სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ დახმარებას აღმოუჩენდა, 11.1% იომებდა, 5.1% დევნილებს დაეხმარებოდა, 1.5% ბავშვებს.