24 თებერვლიდან დღემდე ბენზინი 60 თეთრით, დიზელი 85 თეთრით გაძვირდა
ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის საერთაშორისო ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, საწვავის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო.
საერთაშორისო ფასები უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, 24 თებერვლიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმის მარკის საწვავი 64 თეთრით, რეგულარი – 60 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი 85 თეთრით გაძვირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ძირითადად ყველასთვის კარგად ნაცნობი ორი ფაქტორით არის განპირობებულია: საწვავის საერთაშორისო ფასის ზრდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
,,პლატცის მიხედვით, ბენზინზე ფასი გაზრდილია 20%-ით, ხოლო დიზელზე 42%-ით. შესაბამისად, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს მზარდი ფასები. ფასები დიზელის შემთხვევაში 4-ლარიან ნიშნულსაც გადაცდა. ფასების ზრდის ეს მასშტაბი, რაც დიზელის საწვავთან მიმართებით გვაქვს, ქმნის მწარე რეალობას. მიმდინარე ეტაპზე სტაბილური ვითარების ჩამოყალიბებაც საკმაოდ რთულია. ამის პარალელურად ომის დაწყებიდან ლარის გაცვლითი კურსი საშუალოდ 20-25 პუნქტით არის გაუფასურებული, რაც დამატებითი ფაქტორია. მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია. იმ ვითარებაში ვართ, როცა არანაირი პროგნოზისა და გათვლის გაკეთება არ შეიძლება”, – აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.