ახალი ამბები

“სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარი იქნება”

როგორც ცნობილია, მთავრობა სოცდაუცველთა დასაქმებას გეგმავს, ინიციატივა გასული წლის ბოლოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა და თქვა რომ პროექტი 200,000-მდე შრომისუნარიან სოცდაუცველს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

წელს გაირკვა, რომ საუბარია, სახელმწიფო უწყებების მიერ საკუთარ ორგანიზაციებში გარკვეული ვაკანსიების მოძიებაზე და მათში სოცდაუცველების გარკვეული პერიოდით დასაქმებაზე. მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ მოიძიეს 14,000-ზე მეტი ვაკანსია, რომლებშიც სოცდაუცველთა მიღება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში ხელფასი 300 ლარით არის განსაზღვრული.

დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ პროექტის ბიუჯეტი წელს დაახლოებით 30 მილიონი ლარით განისაზღვრება.

კაკაურიძემ პროექტის ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის კითხვაზე პასუხისას ისაუბრა. თავად ლილუაშვილმა დღეს პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც სოციალური შემწეობის ინდექსაციას ეხებოდა, თუმცა ამ ინიციატივაზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა.