ახალი ამბები

რა პრობლემები შექმნა თელავში დიდთოვლობამ- ფოტოები

ინტენსიურმა თოვამ ქალაქ თელავში პრობლემები შექმნა.

ქალაქის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზებზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. სამუშაოების ფარგლებში არამხოლოდ ცენტრალური, არამედ ქალაქის ყველა ქუჩა გაიწმინდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ყარაჯალაში, ცენტრალურ გზაზე ხე წაიქცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად გზის გახნა უმოკლეს დროში მოხერხდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით,უსაფრთოების მიზნით, ამ დროისთვის შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

,,რამდენიმე დღეა ინტენსიური თოვა და ყინვაა. ქალაქის ყველა ქუჩაზე შეძლებისდაგვარად იყრება ტექნიკური მარილი და ქვიშა. მძიმე ტექნიკა სრული დატვირთვით მუშაოს, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა შევაჩერეთ. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მაღალმთიან სოფლებშიც,საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ყველა სამსახური მობილიზებულია მოქალაქეების დასახმარებლად”, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.