მწარმოებლები -კვერცხი და ფრინველის ხორცი კიდევ გაძვირდება
მწარმოებლები, მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, კვერცხისა და ფრინველის ხორცის გაძვირებას პროგნოზირებენ.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ომის პარალელურად ყველა ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა.
,,გაძვირდა ხორბალი, ზეთი, სიმინდი, შროტეულიც. შეიზღუდა რუსეთიდან გამოტანა. რაც ვიყიდეთ, ლარსზე მეტეოროლოგიური პირობების გამო გაიჭედა. საწვავის გაძვირებამ ტრანსპორტირება გააძვირა. მოკლედ, ყველა ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა.
პანიკურმა სიტუაციამ რუსულ ბაზარზე ფასები გაზარდა. ამასთან, შეგვექმნა ფულის გადარიცხვის პრობლემაც. ყველაფრის გამო, არაერთი მეწარმე, დროებით შეჩერებას ფიქრობს. ორი ქვეყანა იყო, საიდანაც საკვებ კომპონენტებს ვიღებდით, უკრაინა და რუსეთი. იქ, მოგეხსენებათ რაც ხდება.
რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ფასების შენარჩუნება“- ამბობს უჩუმბეგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.