საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი ქონებრივ დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს – TI
2021 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 296 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოში სულ მცირე ყოველი მეორე (56%) თანამდებობის პირი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მეოთხე წელია პროკურატურაში წელიწადში მხოლოდ 1 დეკლარაცია იგზავნება გამოძიების დასაწყებად, მაშინ, როცა, ბოლო წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ გამოვლენილია თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, ათეულობით სავარაუდო შემთხვევა.
“2020 წელთან შედარებით დარღვევებით შევსებული დეკლარაციების რაოდენობამ 5%-ით იკლო, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალი – 56% რჩება. 2021 წელს დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ყველაზე ხშირად სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები ავსებდნენ (67%), ხოლო, სხვებთან შედარებით, ყველაზე კეთილსინდისიერად – პარლამენტის წევრები (42%). დეკლარაციას უმეტესად დარღვევით ავსებენ მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები (66%) და საიდუმლო თანამდებობის პირები (64%).
რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2021 წელს ყველაზე ხშირად დეკლარანტებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირებული მონაცემები დამალეს ან არასწორად მიუთითეს: მათ შორის ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებულ მატერიალური სარგებელი,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.