ახალი ამბები

მაია ყალაბეგაშვილი- მუქარა უნდა შეფასდეს, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა

მედია ორგანიზაცია speqtri.ge-ს რედაქცია და მისი დამფუძნებელი მაია ყალაბეგაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, საინფორმაციო სააგენტომ კონსერვატიული მოძრაობის და ალტ ინფოს შესახებ რამდენიმე მასალა მოამზადა, რის შემდეგაც დაიწყო აღნიშნული პარტიის მხარდამჭერების მხრიდან მუქარის შემცველი კომენტარების დაწერა და ჟურნალისტებთან სატელეფონო ზარები.


,,ეს არ არის პირველი მუქარები ჩვენს მიმართ. ,,სპექტრი” თითქმის 20 წელია ბაზარზეა და პირველი მუქარა გაზეთის პირველი ნომრის გამოსვლის შემდეგ გაისმა. სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ,,სპექტრმა” თავიდანვე შეარჩია, არის ის, რომ ეთქვა სიმართლე. ჩვენ ვამბობთ იმას რასაც სხვები ვერ ამბობენ, ჩვენ ვართ თამამები, საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი საშუალება და არ გვეშინია მუქარის. თუ კი გაგრძელდება მუქარები, არსებობს შესაბამისი სამსახურები და მივმართავთ.

მედია 2 ათეული წელია, რაც მოვლენებს მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებს და ის არასდროს ყოფილა არცერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გამომხატველი. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მუქარა უნდა შეფასდეს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა”,-აცხადებს მაია ყალაბეგაშვილი.

ჟურნალისტი თამარ კაპანაძე აცხადებს, რომ
ალტ-ინფოს მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ორგანიზაციას ემუქრებიან, რომ ოფისს დაატოვებინებენ და მათ ღალატის მუხლით გაასამართლებენ.

,,ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რატომ დავინტერესდით მათთან დაკავშირებული თემებით. მუქარა არ წყდება 15 მარტის შემდეგ. ესენი არიან პრო-რუსული ძალის მიმდევრები და ყველაფერზე არიან წამსვლელები. მათი ქმედება ეს არის დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა და ამ ზეწოლის “სპექტრს” რა თქმა უნდა არ ეშინია. თუ მუქარას არ შეწყვეტენ, აუცილებლად მივმართავთ შესაბამის სამსახურებს”,-განუცხადა Knews.ge-ს თამარ კაპანაძემ.