საქართველოში რძის პროდუქტები 15-20%-ით გაძვირდება
საქართველოში, უახლოეს თვეებში, რძის პროდუქტების 20%-მდე პროცენტით გაძვირებას ელოდებიან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, რძის პროდუქტების ფასი უკვე 15%-ით არის გაზრდილი.
„ყვარლის ბაგას“ მფლობელმა, ლაშა პაპაშვილმა, „საქმიან დილაში“ ნედლი რძის წარმოების გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა რძის პროდუქტის გაძვირების შესახებ.
„მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რძის პროდუქტების წამყვან გადამმუშავებლებს ფასების ზრდა არ შეტყობოდათ, მაგრამ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც მოსავლის აღების სეზონი ჯერ კიდევ არ არის, რადგან მარცვლეულის აღება ივნისში იწყება და ამ 3-4 თვეში რძის მომხმარებელი რძის პროდუქტების მნიშვნელოვან 15-20%-ით გაძვირებას უნდა ელოდოს. გასულ წელთან შედარებით, ჩვენ ნედლი რძის ღირებულება 15% გავზარდეთ, თუმცა ახლა რუსეთის ბაზრის დაკეტვის გამო, რომელიც ხორბლის ექსპორტის მთავარი წყაროა, რთულდება ხორბლის ექსპორტი და უამინდობის გამო ტრანსპორტირებაც გართულებულია“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოებაში საკვებად საჭირო მარცვლეული კულტურებიდან მისი ფერმა სიმინდის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
„ყველამ და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შემდეგ წლებში ეს ფასები კიდევ უფრო გაძვირდება, ვინაიდან ევროპას აღარ უღირს საქონლის შენახვა და იშორებს მას. საქონლის საკვებში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი სიმინდი, ხორბალი და ქერია. „ყვარლის ბაგას“ ხორბალში უკეთესი მდგომარეობა აქვს, თუმცა ქვეყანაში სიმინდის 80% იმპორტირებულია და ჩვენი წარმოებაც იმპორტირებული სიმინდის მარცვალზეა 100%-ით არის დამოკიდებული, სილოსის ნაწილში ჩვენ წარმოებას თავად ვახერხებთ“, – განაცხადა პაპაშვილმა.