თელავში პური 20 თეთრით გაძვირდა
თელავში, სასურსათო მაღაზიებში, პურის ფასმა 20 თეთრით მოიმატა.
მიზეზი ფქვილისა და დამხმარე მასალების გაძვირებაა, რომელმაც, “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” განცხადებით, ფასის ზრდა განაპირობა.
,,დილით მაღაზიაში პური რომ მოიტანეს, მაშინ გავიგე რომ ღირებულება გაზრდილი იყო. ფასმა მოიმატა შეფუთულ პურზე. ნელ-ნელა დანარჩენი ტიპის პურიც გაძვირდება, რადგან სხვა ყველაფერზე გაიზარდა ფასი”, – აცხადებს სასურსათო მაღაზიის გამყიდველი ლალი მეგრელიშვილი.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავას ინფორმაციით, პურის ფასის გაიზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამოქმედებს.
“მეპურეები აცხადებენ, რომ მათ ფქვილის მარაგი აქვთ, ხოლო ჩვენ ხორბლის 1 თვის მარაგი გვაქვს. მარაგების შესავსებად განიხილება რუმინეთი და გრძელვადიანად აშშ, რომელსაც სახელმწიფო ესაუბრება. იმ შემთხვევაში თუ პურის ფასი 1-1.5 თვეში გაიზრდება, რაც შესაძლებელია, სახელმწიფო დააზღვევს პურის ფასს, რაც იმას ნიშნავს, რომ პურის ფასს არაფერი ემუქრება. თუ 1.5 თვის შემდეგ ფქვილის ფასი გაიზრდება და ეს ზეგავლენას იქონიებს პურზე, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამუშავებს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს“,– განაცხადა სილაგავამ.
საქართველომ ხორბლის იმპორტის ნაწილში, ქვეყანაში საჭირო მარაგების უზრუნველსაყოფად, ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობა უკვე დაიწყო.