პროდუქციის მწარმოებლებს ნარჩენების მართვის ვალდებულებები დაეკისრებათ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მწარმოებლებს შეხვდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის განხორციელების ვადების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მიმდინარე წლიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის და დანერგვის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირთან თანამშრომლობით, შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვას. კოდექსით გათვალისწინებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვა ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმთავრესი მოდელია”, – განაცხადა სოლომონს პავლიაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა ხაზი გაუსვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ტექნიკური რეგლამენტების განხორციელების ვადებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების კუთხით.
„სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირმა გურგულიანმა მწარმოებლებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი გააცნო. მგვ-ს დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე ელექტრონულ რეესტრში დარეგისტრირდეს.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნესასოციაციის და კერძო სექტორის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, მგვ-ის განხორციელების მიზნით, 2020 წლის 25 მაისს მიიღო ოთხი ტექნიკური რეგლამენტი: „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ”, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ”, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ” და „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“, – აღნიშნავენ უწყებაში.