გახდება თუ არა კობახიძის ბრალდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საგანი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობამ პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე წერილობითი უარი განუცხადა, რის შემდეგაც ევროპაში წასასვლელად პირადი კონტაქტები გამოიყენა.
პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება თუ მართალია, გამოდის, მან კონსტიტუცია დაარღვია. კონსტიტუციის დარღვევა კი კანონით იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება დეპუტატთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ანუ 76 პარლამენტარს შეუძლია, მის ბოლომდე მისაყვანად კი 100 ხმაა საჭირო. კიდევ ერთ აუცილებელ პირობად საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ითვლება, რომელმაც პრეზიდენტის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა უნდა დაადასტუროს.