უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ახმეტის სავაჭრო ცენტრმა რუსული პროდუქციის გაყიდვა აკრძალა
უკრაინის და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ახმეტის სავაჭრო ცენტრმა რუსული წარმოების პროდუქციის გაყიდვა აკრძალა.
როგორც knews.ge-ს სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდანვე დაიწყეს რუსული წარმოების პროდუქციის ჩანაცვლება სხვა მწარმოებლების პროდუქციით.
,,გვაქვს სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია თავისი საქმიანი ეზოთი და წარმოებებით. მომწოდებლები ბევრი გვყავს და შესაბამისად, სხვა და სხვა ქვეყნების პროდუქციას ვყიდდით. რა თქმა უნდა, რუსული პროდუქციაც გვქონდა.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს, პროდუქციას, რომელიც რუსული იყო, გავუკეთეთ ფირნიშები, რომ თავი შეეკავებინათ შესყიდვისგან კლიენტებს და დავიწყეთ რუსული პროდუქციის ჩანაცვლება ანალოგიურით.
სანქციები ისედაც გაართულებს რუსული პროდუქციის შემოტანას და უმჯობესია, ბიზნეს სექტორმა უფრო ადრე დაიწყოს ფიქრი თუ როგორ მოერგოს ბაზარს. ბიზნესის კეთება მხოლოდ ფინანსური წარმატება არ არის, მას მორალიც უნდა ახლდეს თან. ამ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა დადგეს სწორ მხარეს და თავისი მცირეოდენი წვლილი შეიტანოს ამ საშინელი მოვლენების დროულად დასრულებაში.
სწორედ ამიტომ, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი კომპანია წყვეტს რუსული პროდუქციის რეალიზაციას და მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ რუსული პროდუქციის შეძენისგან. ეს იქნება ყველა ჩვენთაგანის მოკრძალებული წვლილი რუსეთის წინააღმდეგ”,- განუცხადეს Knews.ge-ს ახმეტის სავაჭრო ცენტრში.