ახალი ამბები

ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლები რუსეთის ბაზარს ტოვებენ

ლურჯი მოცვის მწარმოებელი ორი კომპანია “ლურჯი ველი” და GeorgianBlue რუსეთის ბაზარს ტოვებენ.

მიზეზი, აღნიშნული ბაზრის არასტაბილურობაა. კომპანიების ჯამური ექსპორტის 90% სწორედ რუსეთზე მოდის. GeorgianBlue-მ გასულ წელს ჯამში 100 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალი მიიღო, ხოლო აქედან 85 ტონა რუსეთში გაიტანა. ფასი 1 კგ-ზე საშუალოდ $4.50 იყო. დარჩენილი 15 ტონა კი გერმანიასა და საქართველოში (მეორადი, 1 კგ 6 ლარი) გაყიდა.

რაც შეეხება, “ლურჯ ველს”, მისი მოსავალიც გასულ წელს 100 ტონა იყო და აქაც რუსეთის ბაზარზე დაახლოებით 80-85 ტონა გავიდა. ფასი $4-დან $9-ის ფარგლებში მერყეობდა. 10% საქართველოში გაიყიდა და საშუალოდ 1 კგ 30-40 ლარამდე ღირდა. კომპანიები რუსეთის ნაცვლად, ლურჯი მოცვის ექსპორტის განხორციელებას ევროპის ბაზარზე გეგმავენ.

GeorgianBlue-ს გენერალური დირექტორი რატი მორჩილაძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ რუსეთის ბაზარზე მოცვის ჯამური ექსპორტის 50%-ს დატოვებს, ბაზარს დააკვირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს მოვლების განვითარების შესაბამისად მიიღებს.

“გასულ წელს სატესტო რეჟიმში გერმანიაში ერთი კონტეინერი ლურჯი მოცვი გავაგზავნეთ, ხოლო წელს ევროპის ბაზრებზე, მათ შორის გერმანიაში საშუალოდ ლურჯი მოცვის 50%-ს გავიტანთ. რუსეთის ბაზარს დავაკვირდებით და თუ იქ გართულებული ეკონომიკური ვითარების გამო ექსპორტი გაჭირდება, დარჩენილ 50%-საც ევროკავშირის ბაზარზე გავიტანთ. მოცვს წელს გერმანიის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში შევიტანთ, ასევე სხვა პარტნიორებიც მოძიებული გვყავს, რომლებიც პროდუქციას ასევე შეისყიდიან. მათ შორის არიან, სუპერმარკეტების სხვა ქსელები და საბითუმო შემსყიდველები. ბოლო სამი წელია ევროკავშირის ბაზრისთვის აქტიურად ვემზადებოდით და ყველანაირი სერტიფიკატი გვაქვს. დრო დაგვჭირდა, თუმცა ახლა იქ შესასვლელად მზად ვართ და რუსეთ-უკრაინის ომიც ამ პროცესს დააჩქარებს” – განმარტა მორჩილაძემ.

“ლურჯი ველშიც” დივერსიფიცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სანქცირებული და არაგადამხდელუნარიანი რუსეთია. მისი დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა სწრაფი მოქმედების დროა, რათა ბაზრის შეცვლა სრულად, 100%-ით მოახდინონ, ევროპა კი რუსეთისგან განსხვავებით, მათთვის სტაბილურობის გარანტია.

“ევროპის ბაზარზე შესვლით 20-25%-ით გაძვირდება ლოგისტიკა, მოგების მარჟა 15-20%-ით შეგვიმცირდება, თუმცა გვიღირს. ევროპის ბაზრისთვის სერტიფიცირება 3 წლის წინ დავიწყეთ, რადგან იქაურ ბაზრებზე შეღწევა ბიზნესის წინსვლისთვის მაშინაც მნიშვნელოვანი იყო, შედეგად დღეს ევროპის ქვეყნებში დივერსიფიცირებისთვის მზად, ვართ მოლაპარაკებებსაც ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ. ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 100%-ს გავიტანთ და რუსეთის ბაზარს სრულად ჩავხსნით. ძირითადი ბაზარი გერმანია და ნიდერლანდები იქნება. სანქცირებულ რუსეთში მომავალი სამი თვის განმავლობაში ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ რუსეთის ბაზარი მსყიდველუნარიანობას დაკარგავს. შედეგად, მოცვის, როგორც ძვირადღირებული პროდუქტის ყიდვა მოსახლეობას გაუჭირდება. ეს კი ჩვენთვის მომგებიანი ვერ იქნება” –
განაცხადა ზვიად მირიანაშვილმა.