აშშ-ში მოღვაწე თელაველი ექიმი უკრაინელ მოქალაქეებს ეხმარება
ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმი, დავით მრელაშვილი უკრაინელ მოქალაქეებს ეხმარება.
ის ამერიკაში ტელენევროლოგიითაა დაკავებული, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი თანხა შეაგროვა, შეიძინა 30 დრონი, 250 სისხლდენის შესაჩერებელი ფხვნილის პაკეტი, დეფიბრილატორები, სახვევები, პირველადი დახმარების კომპლექტები და ვარშავაში, რუსეთის აგრესიის მიერ დაზარალებული უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად გაფრინდა.
,,უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად გადაწყეტილება მივიღე ომის დაწყების პირველივე დღეებში, თუმცა ვალდებულება მქონდა აღებული და იმ დღეებში 200-ზე მეტ ჰოსპიტალში ვიყავი საჭირო და მხოლოდ რამდენიმე დღის მერე შევძელი წასვლა პოლონეთში.
წავიღე ისეთი მცირე ზომის და გამოსადეგი ნივთები, რაც ადგილზე ნაკლები იშოვება ან პოლონეთში მოხმარების გაზრდის გამო ნაკლები იყო. ესენი იყო პირველადი დახმარების საგნები, დრონები, ორმხრივი რაციები, ლახტები და ძირითადად სამედიცინო ნაწილები. რომ ჩამოვედი, ზუსტი გეგმა არ მქონდა რა უნდა მექნა, რადგან ომის დროს რაღაცის დაგეგმვა რთულია”,-განაცხადა დავით მრელაშვილმა.
მისი თქმით, მან ქართველი და უცხოელი მოქალაქეების დახმარებით თანხის შეგროვება დაიწყო, მრავალფუნქციური თანამედროვე დრონები შეიძინა და უკრაინელების მხარდასაჭერად ქართველი ხალხის სახელით დრონების პირველი პარტია უკვე გაგზავნა.
,,რაც შეეხება დრონებს, ცაში 5 კილომეტრზე ფრინავს და მიდის 10-12 კილომეტრში. ზედ აქვს კამერა, რომელსაც საითაც გინდა იქით მიატრიალებ. უკრაინელებს ჰაერში ცოტა უჭირთ. შეიძლება ბორცვი იყოს და იმის იქით ვერაფერს ხედავენ. დრონის საშუალებით კი ამისი მოგვარება შესაძლებელია. ასევე ჩამოვიტანე პორტატული დეფიბრილატორები.
მაგალითად: თუ ჯარისკაცი დაჭრილია, დაკარგა ბევრი სისხლი და ამის გამო შოკშია, ამ დრონს შეუძლია რამდენიმე კილომეტრის დაფარვა 3-4 წუთში და ადგილზე მისვლა.
ამ დეფიბრილატორების დახმარებით შესაძლოა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მასთან შესაძლოა მივიტანოთ სამედიცინო დახმარების ჩანთა”,- აღნიშნა დავით მრელაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს მიაწოდა ინფორმაცია, მათგან დადებითი პასუხი მიიღო. მან დრონების დახმარების ორი პარტია უკვე გააგზავნა.
,,უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ერთი ადამიანი, რომელიც ზელენსკის მრჩეველი იყო. ასევე მაქვს კონტაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მივედი მათთან, ვუთახარი ჩემი იდეის შესახებ და ძალიან გაუხარდათ. გავუგზავნე ჯერ დრონების ერთი პარტია, მერე მეორე პარტია და შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ. პოლონეთში იმ დროისთვის იყო დრონები, რომელიც იყო დიდი, რუსები ხედავდნენ და აგდებდნენ. ეს დრონები კი არის ძალიან პატარა, ჯიბეში ეტევა. იგივე მონაცემები აქვს რაც დიდს, მძიმე ბარგის გადატანის გარდა”,– განაცხადა დავით მრელაშვილმა.