მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს
მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა შეტევა დაიწყო ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით, რუსი მონსტრების ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი. ოკუპანტების დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება!” – ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო წერს, რომ რუსმა სამხედროებმა შეუიარაღებელ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
„რუსები ჰუმანიტარულ დერეფანს დაგვპირდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მაგრამ მათ დაიწყეს სროლა კოლონებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით. მატყუარა მზაკვრული რუსული არმია, რომელიც იმალება უიარაღო ხალხის უკან”, – განაცხადა ცაპლიენკომ.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. მისი თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ ჰუმანიტარულ დერეფანს ქალაქსა და ზაპორიჟიეს შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთით 225 კილომეტრში (139 მილი).