თელავის მერია 5 ახალ მანქანის შესაძენად 255 ათას ლარს დახარჯავს
თელავის მუნიციპალიტეტის მერია 5 ახალ მანქანის შესაძენად 255 ათას ლარს დახარჯავს. ავტომანქანების შესყიდვისათვის შესაბამისი ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 28 თებერვალს დაამტკიცა.
5 ახალი ავტომობილის შესყიდვა, კონსოლიდირებული ტენდერით განხორციელდება, ხოლო მერიის ავტოპარკში არსებული მანქანები, შესაბამისი შეფასების შემდეგ, გაიყიდება. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბადურ რევაზიშვილი განმარტავს, რომ შესყიდვა დაუსაბუთებელია.
“შესყიდვა დაუსაბუთებელია. მერიამ არ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, ახალი ავტომობილების შეძენა უფრო იაფი ჯდება, თუ ძველის შენახვა. ან რატომ ზრუნავენ პირადი კომფორტის მოწყობაზე, მაშინ, როცა ამდენი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. გარდა ამისა, წინასწარ, ტენდერის დასრულებამდე დასახელდა კომპანია, ვისგანაც ავტომობილები უნდა შეიძინონ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ამ შესყიდვაში, ყველაფერი რიგზე არ არის”,- განაცხადა ბაადურ რევაზიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, ოპონენტების ბრალდებებს არ ეთანხმება. მისი თქმით, ავტომობილები მერიის სამსახურების გამართული და ეფექტური მუშაობისთვის არის საჭირო.
“ძალიან ცუდია, როცა საკრებულოს წევრები შეკითხვებს მედიის გავლით ალაგებენ. ჩვენი კარი მუდამ ღიაა და შეუძლიათ, ნებისმიერი რამ იკითხონ. რაც შეეხება დასაბუთებას, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მანქანებს არ ვყიდულობთ თანამდებობის პირებისათვის. რამდენიმე საკვანძო სამსახურის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, ხუთი ,,რენო დასტერის” შეძენას ვაპირებთ.
მაგალითად, საუბარია ზედამხედველობის, სამხედრო აღრიცხვის, სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურებზე, რომლებსაც მუდმივად მოძრაობა და გადაადგილება სჭირდებათ. ჩვენი ავტომობილები არის ამორტიზებული, მწყობრიდან გამოსული, რამდენიმემ ორჯერ ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება, ერთ- ერთს ცეცხლიც კი გაუჩნდა. ორი მიკროავტობუსი გვაქვს, რომლების ნაწილებიც კი არ იშოვება.
არის შემთხვევები, როცა რემონტის ჩატარება, საკუთარი სახსრებით გვიწევს. საკრებულოს პირველივე სხდომაზე განვაცხადე, რომ ავტოპარკის განახლებას ვაპირებდი, ასე რომ, დამალული არაფერი ყოფილა და ეს საკრებულოს წევრებმა კარგად იცოდნენ. შესყიდვა განხორცილედება კონსოლიდირებული ტენდერით, მოთხოვნა გაგზავნილი გვქონდა.
ძველ ავტომობილებს კი, შევაფასებთ, გავიტანთ აუქციონზე და გარკვეულ შემოსავალს მივიღებთ”, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მერიას ავტოპარკში 16 ავტომობილი ერიცხება.