ახალი ამბები

თელავში დასუფთავების კამპანია “დაალაგე შენი უბანი” გრძელდება

თელავში, ყოველ შაბათს, დასუფთავების აქცია იმართება. ინიციატივა, სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებლის, გიორგი ბეჟანიშვილს ეკუთნის.

მისი თქმით, დასუფთავების აქციები ჯერ-ჯერობით მხოლოდ თელავს მოიცავს.

“დასუფთავების კამპანიის იდეა სპონტანურად გაჩნდა. იანვრის დასაწყისში კოვიდი მქონდა, რომ გადამიარა, ჩემს მახლობლად უნივერსიტეტის გვერდით მდებარე პატარა ნაძვების ტყეში გავედი. ბევრი ნარჩენი დახვდა და მაშინ გადავწყვიტე დასუფთავება. თან პატარა ვიდეოც გადავიღე რომ მეჩვენებინა ის საშინელი მდგომარეობა, რაც იქ იყო. ადრეც ვალაგებდი სხვადასხვა ადგილებს ხან მარტო, ხან მეგობრებთან და მოხალისეებთან ერთად. თუმცა, მაშინ კამპანიის სახე არ მიგვიცია. ორგანიზატორი თავიდან მე ვიყავი, თუმცა ახლა უკვე ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამჟამად 3 ადამიანია საორგანიზაციო ჯგუფში. მოსახლეობის დაინტერესება დღითიდღე იზრდება. კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და აქამდე უკვე 1000-მდე ადამიანს მივაწვდინეთ ხმა “, – განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.

გიორგის თქმით, დასუფთავების აქციაში ყოველკვირეულად 15-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. კამპანიაში ჩაერთო ასევე თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურიც, რომელიც მოგროვილი ნარჩენების გატანაში იღებს მონაწილეობას.

“ინვენტარს რაც შეეხება, თავიდან ჩვენი ძალებით ვყიდულობდით, შემდეგ ერთი თელაველი ახალგაზრდა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, შემოგვიერთდა კამპანიაში და შემოწირულობა გააკეთა, რისი საშუალებითაც უკვე სამჯერ ვიყიდეთ ხელთათმანები და პარკები. ასევე, დავბეჭდეთ სტიკერები “დაალაგე შენი უბანი”, რომელსაც აქციის მონაწილეებს ვურიგებთ.

გარდა ამისა, დავიწყეთ თანამშრომლობა კამპანიასთან #გაიტანეთ და ვგეგმავთ კამპანიის მიერ ჩამოყალიბებული “მწვანე რაზმების” მოდელის ინტეგრაციას ჩვენს აქციებში. კამპანია დაგვეხმარება მარტიდან ინვენტარით და ასევე, გვასწავლის თუ როგორ მოვახდინოთ აკრეფილი ნარჩენების სეპარაცია.

კამპანიის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ბუნების და ქალაქის სისუფთავისთვის, არამედ ჩვენი, თელაველების ცხოვრების წესისთვის. დღესდღეობით ეკოცნობიერება არის ის საგანი, რაც ასე ძაან გვაკლია ამ ქალაქის მცხოვრებლებს. ეკო-ცნობიერი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც თანაბრად ზრუნავს როგორც მის საცხოვრებელ ადგილზე, ასე მის შემოგარენში და ქვეყანაში არსებულ ბუნებაზე. უფრთხილდება გარემოს და ზიანს არ აყენებს მას”,_ განაცხადა ბეჟანიშვილმა.