თელავში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა- ფოტო
თელავში, ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი EECMD-ის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძეა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ აგრესორი ქვეყნის საომარი მოქმედებები, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან უნდა დასრულდეს.
აქციის ორგანიზატორის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა.
,,მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელს მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. სწორედ ამას ვაპროტესტებთ მოქალაქეები უკვე მეორედ თელავში და გვინდა ჩვენი გვერდში დგომა გამოვხატოთ უკრაინელი ძმების მიმართ”, – განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.
აქციას შეუერთდა მუსიკალური სტუდია ,,ათინათი”. მოსწავლეებმა უკრაინის და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათი თქმით, ამით უნდათ ხმა მიაწვდინონ თანატოლებს და გვერდში დაუდგნენ.
,,ჩვენი სტუდიის ბავშვებმა თავად გამოთქვეს სურვილი ესწავლათ უკრაინის ჰიმნი და ამით თანატოლების მიმართ მხარდაჭერა გამოეხატათ”,- განაცხადა მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელმა ვასილ კევლიშვილმა.
თელავში გამართულ აქციას ასევე ესწრებოდა თელავში მცხოვრები ელენე ოთარაშვილი, რომლის შვილიშვილიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ცხოვრობს. (25 წლის თამაზ ოთარაშვილი, მეუღლე ოსტაფჩუკი ვიქტორია, ტელეფონი: 0 33 80 15)
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ის საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
,,ჩემი შვილიშვილი, 25 წლის თამაზ ოთარაშვილი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. იქ მიმდინარე ომის გამო ვერ ვახერხებთ ხშირ კომუნიკაციას და ძალიან ვნერვიულობთ.
მინდა ჩემი შვილიშვილი თავისი ოჯახით მშვიდობით ჩამოვიდეს აქ. მივიღებ ასევე უკრაინელ დევნილებსაც და ვუზრუნველყოფ ბინით და საკვებით. ვთხოვ ყველას დამეხმაროს ჩემი ოჯახის წევრები აქ ჩამოვიყვანო”,– განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.