დღეიდან, კლიენტებს „ვითიბის“ ფილიალებშიც კი „ბაზისბანკი“ მოემსახურება – პაპუნა ლეჟავა
„დღეიდან, კლიენტებს „ვითიბის“ ფილიალებშიც კი „ბაზისბანკი“ მოემსახურება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა “საქმიან დილაში“ განაცხადა.
ამასთან, პაპუნა ლეჟავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ორ ბანკს შორის გარიგება შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების სასესხო, საცალო და სადეპოზიტო პორტფელს.
„დღეიდან მათ მომსახურებას „ვითიბი ბანკის“ ფილიალებშიც კი იწყებს „ბაზისბანკი“ და ეტაპობრივად მოხდება პორტირება „ბაზისბანკში“. მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და შეფერხებების გარეშე წარიმართება პროცესი.
რაც შეეხება დეტალებს, როდის დამზადდება ახალი ბარათები და ა.შ. ალბათ უმჯობესი იქნება, მომხმარებელმა თავად „ბაზისბანკს“ და „ვითიბი ბანკს“ მიმართოს“, – თქვა მან.
პაპუნა ლეჟავამ გარიგების სამუშაო პროცესზეც ისაუბრა.
„ფაქტობრივად, ორი დღეში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ „ბაზისბანკში“ პორტირებულიყო 600 მილიონის სასესხო პორტფელი და 500 მილიონის დეპოზიტი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ყველა მხარე აქტიურად იყო ჩართული, ღამეები ათენეს და მივიდნენ გარიგებამდე“, – განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.