ადგილობრივები წინანდალში წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევაზე საუბრობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები ოჯახის თქმით, ისინი სავარაუდოდ წყლით მოიწამლნენ.
ადგილობრივი, მარინა სიჭინავა აცხადებს რომ სოფელში მეხუთე დღეა ჩამოვიდა, წყლის მიღების შემდეგ კი მას და მისი ოჯახის წევრებს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ.
როგორც მან knews.ge-ს განუცხადა, ცუდად გახდომის შემდეგ მათ თავდაპირველად ვირუსი ეგონათ, თუმცა გადამოწმების შემდეგ ეს გამოიროცხა. ოჯახი ფიქრიბს, რომ ინტოქსიკაცია სოფლის წყალმა გამოიწვია, რომლის სისტემაც როგორც თავად ამბობენ დაზიანებულია.
,,ხუთი დღეა ჩამოვედი სოფელში, ვცხოვრობ ტოღნიაანთ უბანში და სამი დღეა საწოლიდან ვერ ავდექი საშინელი ინტოქსიკაციის ნიშნებით. მე პირველ რიგში ვირუსი გამოვრიცხე. მითხრეს ვირუსს ეს სიმპტომები არ აქვსო და მაინც დავიტესტე. ოჯახის წევრი ყველა ერთ ღამეში გავხდით ცუდად.
ჩემს გარდა კიდევ ორი ადამიანია ასეთ დღეში. მქონდა გულისრევა, ფაღარათი, თავბრუსხვევა, მუცლის ღრუში აუტანელი ტკივილი.იგივე ნიშნები ჩემს დისშვილსაც აღენიშნებოდა. ეს სოფელში ჩამოსვლიდან მეორე დღეს დაგვეწყო.
წყალს ვსვამდით ინტენსიურად, რადგან ეზოში გვქონდა ბევრი სამუშაო. ჩემი დისშვილი ახლაც წევს და მკურნალობის კურსს გადის“,-განაცხადა მარინა სიჭინავამ.
მისი თქმით, ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უკვე მიაწოდა.
,,სოფელში რწმუნებულს მივაწოდეთ ინფორმაცია და გვითხრეს ორშაბათს უნდა მოვიდნენ და დაზიანებული ადგილი გააკეთონო. თუ ასეთი სიტუაციაა, რომ ჩამოიაროს ვინმემ და გააფრთხილოს ხალხი, რომ წყლის დალევა სახიფათოა ეს ვისი ვალდებულებაა? ძალიან გაბრაზებული ვარ, მინდა წყალი შეამოწმონ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჰელიკობაქტერიაზე ვმკურნალობდი და ვფიქრობ ესეც სასმელი წყლის ბრალი იყო.
თურმე ჩემი მეზობლებიც ყოფილან ცუდად. არაა ეს წყალი სასმელად ვარგისი და თურმე დიიდი ხანია მილი დაზიანებულია და ორშაბათს მოვლენო გასაკეთებლად”,-განაცხადა მარინა სიჭინავამ.
knews ge აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ადგილზე უკვე იმყოფება მისი წარმომადგენელი და სიტუაციას არკვევს. მისი განმარტებით, ის ასევე პირადად ესაუბრა მარინა სიჭინავას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, საჭიროა წყლის ანალიზი, რომლის შემდეგაც დადგინდება რამ გამოიწვია აღნიშნული ოჯახის წევრების ინტოქსიკაცია.
,,ჩემი წარმომადგენელი იქ ადგილზეა და ვესაუბრე იმ ქალბატონსაც. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე დღეა ცუდად გრძნობენ თავს ის და მისი ოჯახის წევრი და მეზობელი, მაგრამ არ გამოუძახებიათ სასწრაფო დახმარება. რამდენიმე დღის შემდეგ მან დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი ამის შესახებ და მაშინვე გამოვეხმაურე, დავუწერე ჩემი პირადი ნომერი რომ დაერეკათ და მოეწოდებინათ ინფორმაცია.
რასაც თვითონ ამბობს ეს ქალბატონი რომ წყალი არის დაბინძურებული. ეს არ ვიცით ჯერ, რადგან უნდა ჩატარდეს წყლის ანალიზი, ამ სამუშაოებს ჩავატარებთ და შესაბამისი ლაბორატორია რასაც იტყვის იმის მიხედვით მოვიქცევით.
შეიძლება ეს არის საკვებით ინტოქსიკაცია, ან შესაძლებელია წყლით ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ჯერ არავინ არ იცის. ძალიან ცუდია, რომ ამდენ დღეში სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოუძახიათ და საკუთარი ცოდნით მკურნალობენ”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.