ყვარელში, თელავსა და ახმეტაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ყვარელში, თელავსა და ახმეტაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ყვარელში აქცია ევროკლუბის ინიციატივით ჩატარდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, უკრაინა, კიდევ ერთხელ გახდა რუსული სამხედრო აგრესიის სამიზნე.
,,უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია სოლიდარობის დაფიქსირება. ვიკრიბებით ყვარელში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს, 19:00 საათზე და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირებთ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვთხოვთ ყველას შემოგვიერთდნენ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე’’,-– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ახმეტაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია ახმეტის ახალგაზრდული ალიანსის ინიციატივით მერიის წინ გაიმართება.
,,25 თებერვალს, ქალაქ ახმეტაში, მერიის წინ გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი აქცია. ადგილობრივი მოსახლეობა გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს აგრესიისა და ომის წინააღმდეგ და შევუერთდებით მთელს მსოფლიოს, რათა გვერდში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს. ჩვენი ვალია დავდგეთ უკრაინის გვერდით’’,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს 18:00 საათზე, თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება. აქციის ორგანიზატორი EECMD-ის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძეა.
“დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელს მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან.
25 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე, თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, თეატრის წინ, დავდგეთ ერთად და ერთად გავცეთ პასუხი პუტინს და რუსეთის აგრესიას უკრაინისა და ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ”,-განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.