ახალი ამბები

1-ელი მარტიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკმენტების გაცემა ელექტრონული რეცეპტით მოხდება

ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით გამოწეროს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, ელექტრონული რეცეპტი გამოწეროს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, მოთხოვნა სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში ვრცელდება.

„გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა. ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.