ახალი ამბები

მთავრობამ შესაძლოა ხორბლის იმპორტი დაასუბსიდიროს

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის დისბალანსის პრობლემა სუბსიდირების გზით გადაჭრას.

როგორც bm.ge-სთვის გახდა ცნობილი, დარგობრივ უწყებას უკვე მზად აქვს სამოქმედო გეგმა, თუმცა კერძო სექტორთან შეთავაზებულ პარამეტრებზე ვერ თანხმდება.

მეხორბლეები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში ხორბლის სასურსათო მარაგები კრიტიკულ ზღვარზეა, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფის გამო, ქვეყანაში ხორბლის შემოტანა თითქმის განულებულია, ხოლო იმის გამო, რომ მსგავსი რეჟიმი არ ვრცელდება ფქვილზე, ხორბლის იმპორტს ფქვილი ანაცვლებს. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილი ადასტურებს, რომ მთავრობა მზად იყო ეს მექანიზმი 1 მარტიდან აემოქმედებინა, მაგრამ იმის გამო, რომ კერძო სექტორისგან საპასუხო წინადადება მიიღეს, განხილვებისთვის სავარაუდოდ დრო კიდევ დასჭირდებათ.

მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მათ სუბსიდირება არ სჭირდებათ, თუმცა სხვა რა ახალ მოდელს სთავაზობენ მთავრობას, საჯაროდ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში არც ამაზე საუბრობენ.

თუ მთავრობა მათ შეთავაზებას დათანხმდება, კერძო სექტორი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ქვეყანაში ხორბლის საკმარის მარაგს შექმნის და ისეთ ფასად მიაწვდის ფქვილს მეპურეებს, რომ პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.