რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო
ქალაქ ხარკოვში და ასევე, უკრაინის დედაქალაქ კიევის სიახლოვეს აფეთქების ხმები ისმის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
შეჭრა დაიწყო კიევზე სარაკეტო თავდასხმებით, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
ტელეკომპანიის ცნობით, გერაშჩენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ კიევსა და ხარკოვში იბომბება საკონტროლო პუნქტები, როგორიცაა აეროდრომები და სამხედრო შტაბები, საზღვრის გასწვრივ კი საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები „მაღალი რისკის“ ქვეშ იმყოფებიან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ მან უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა.
“ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას “, – განაცხადა ზელენსკიმ.