ახალი ამბები

თელავში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი გააპროტესტეს

თელავში, ,,ენერგო პრო ჯორჯიას” კახეთის რეგიონული ოფისის წინ, ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი გააპროტესტეს.

ცვლილებების დროა, ხელისუფლება დაგვცინის და სხვა სახის ლოზუნგებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები კომპანიის ოფისის წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებას იქიდან მიმართეს.

,,კარგად გვახსოვს 2012 წელს მოსული ახალი ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა განახევრებულ ტარიფებს და რა მივიღეთ თქვენც ხედავთ. ეს აქციაც სწორედ იმ პოლიტიკისკენ არის მიმართული, რაც იწვევს მიზანმიმართულად ადამიანების გაღარიბებას. საბოლოოდ კი მივიღეთ ყველაფერზე ფასების ზრდა და ამას ბოლო არ უჩანს. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ თავი დაანებოს მოქალაქეების ჯიბეში ხელების ფათურს, ისინი ამას არ იმსახურებენ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, ელექტროენერგიის საფასური ქვეყანაში უკვე რამდენჯერმე გაიზარდა და ერთ კილოვატ საათზე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, საშუალოდ 18. 59 თეთრს აღწევს.

“ყოველდღიურად გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ. ჩვენი მიზანია, გავაპროტესტოთ უსამართლო პოლიტიკა, რაც არის ქვეყანაში და რამენაირად შევძლოთ ფასების ზრდის შეფერხება. ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს, რომ მოქალქეებს შეუმსუბუქოს ცხოვრება”- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შაქრო ტერტერაშვილმა.

თელავის პარალელურად, საპროტესტო აქციები, საქართველოს კიდევ სამ ქალაქში ჩატარდა.