ახალი ამბები

თელავში მცხოვრებ მუსიკოსს youtube-მ ვერცხლის ღილაკი მიანიჭა

თელავში მცხოვრებ მუსიკოსს, სოსო მიქელაძეს, youtube -მ „ვერცხლის ღილაკი“ მიანიჭა. მას საკუთარ გვერდზე 100 000 გამომწერი ყავს. „ ვერცხლის ღილაკი“ საკმაოდ მაღალი რანგის პრიზია, რასაც თითზე ჩამოსათვლელმა ქართველმა მუსიკალურმა შემსრულებლებმა მიაღწიეს. 

მუსიკოსის თქმით, youtube გვერდი მან 2015 წელს შექმნა, სადაც საკუთარი ვიდეორგოლები, სიმღერები, პოდკასტები, ვლოგები და სხვასახვა სახის კონტენტი აქვს განთავსებული. knews.ge-მ პოპულარულ ავტორთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.

სოსო, გთხოვთ მოგვიყვეთ, როდის დაიწყეთ youtube -ზე სხვადასხვა სახის მასალის აქტიურად განთავსება და როგორ მოახდინეთ გამომწერების მობილიზება?

არხი_ Soso Mikeladze Official _2015 წელს შევქმენი და ის წარმოადგენს ჩემი შემოქმედების რეალიზების ოპტიმალურ შესაძლებლობას. აქ ატვირთული მაქვს ჩემი საავტორო სიმღერები, ვიდეორგოლები, ლექსები, ტვ-გამოსვლები, ანალიტიკური პოდკასტები, ინსტრუმენტალური მუსიკა, საინტერესო ლაშქრობების ვლოგები და სხვა.
მართალია, არხზე უამრავი რგოლია ატვირთული, თუმცა მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე წარმატებულია ჩემს მიერ დაწერილი სიმღერები. სწორედ მათზე მოდის დიდი ნაწილი მოწონების, ნახვების, კომენტარებისა და გაზიარებების. 5 წლის განმავლობაში არხზე, Soso Mikeladze Official, ატვირთული მაქვს 22 სტუდიურად დამუშავებული სიმღერა. არხის აქტიური პოპულარიზაცია 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც გამოვაქვეყნე ჩემი ყველაზე უფრო ცნობადი და სმენადი სიმღერა „მე და შენ“. დღეის მონაცემებით იგი 35,5 მლნ ნახვას გასცდა, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი იუთუბის ქართულენოვან სეგმენტში. ასევე, მაღალი მაჩვენებლები აქვს ჩემს სხვა სიმღერებს – „მიყვარხარ“ (27,7 მლნ), „მარიამი“ (15,1 მლნ), „გოგონი“ (11,2 მლნ), „მოგონებები“ (8,7 მლნ) და ა.შ.

თუ გეხმარებათ ვინმე, ან რა საშუალებებს იყენებთ საკუთარი ნამუშევრების თუ სოციალური გვერდის რეკლამირებაში?

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შემოქმედების პიარსა და გავრცელებაზე არავინ მუშაობს – არც კონკრეტული საპროდიუსერო ჯგუფები, არც გავლენიანი კავშირების მქონე მენეჯერები, ფუნქციონერები, არც მედია-საშუალებები და სხვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამში არხის 6-წლიანი მაჩვენებლები აღემატება 147 მლნ ნახვას და 100 ათას გამომწერს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკრეტული მხარდაჭერის შემთხვევაში რიცხვები გაცილებით მაღალი იქნებოდა.
აღნიშნული მაჩვენებლები არის რეალური, არ ხდებოდა გარკვეული საიტების მეშვეობით მისი მიზანმიმართული აქაჩვა, რასაც დღეს უკვე დაუფარავად მიმართავს ზოგიერთი ქართველი შემსრულებელი.

youtube -მა თქვენ მოგანიჭათ ვერცხლის ღილაკი, ეს რა შემთხვევაში ხდება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?

„ვერცხლის ღილაკი“, რა თქმა უნდა, დიდი და შთამბეჭდავი შედეგია. ვიდეოჰოსტინგი youtube თავის არხებს წახალისების და მათი მიღწევის აღსანიშნავად აჯილდოვებს ხოლმე სხვადასხვა ე. წ. ღილაკებით. მაგალითად, „ბრინჯაოს ღილაკს“ არაოფიციალურად ანიჭებდნენ იმ ავტორს, რომლის არხიც 10 ათას გამომწერის ნიშნულს ლახავდა. ამ მომენტისათვის არსებობს სამი სტანდარტიზირებული ღილაკი, რომელთაც იუთუბი გასცემს, როგორც კი არხი გამომწერთა შესაბამის ოდენობას მიაღწევს: მაგალითად -ვერცხლის ღილაკი ენიჭებათ – 100 000 გამომწერზე,; ოქროს ღილაკი- 1 000 000 გამომწერზე, ბრილიანტის ღილაკი – 10 000 000 გამომწერზე.

არხმა, Soso Mikeladze Official, გასულ წელს 100 ათასი გამომწერი დააგროვა გასულ წელს და ჯილდოდ „ვერცხლის ღილაკი“ მიიღო. ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო საჩუქარი, როგორც იუთუბის, ასევე, ჩემი მსმენელების მხრიდან.

იუთუბის ქართულ სეგმენტში, მით უმეტეს მუსიკალურ სივრცეში, „ვერცხლის ღილაკი“ საკმაოდ მაღალი რანგის პრიზია, რასაც თითზე ჩამოსათვლელმა ქართველმა მუსიკალურმა შემსრულებლებმა მიაღწიეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდიებსა და მუსიკოსებს, რა თქმა უნდა, აქტიურ მსმენელებს, რადგან სწორედ მათი თანადგომით მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან შედეგს.