რა პროექტები ხორციელდება დედოფლისწყაროში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის
დედოფლისწყაროში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას.
,,მოვინახულეთ დედოფლისწყაროსთვის ისტორიული წყალმომარაგების პროექტი, რომლის ფარლებშიც დედოფლისწყაროს და მის მიმდებარე სოფლებს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, სამუშაოები დასრულდება ვადაზე ადრე. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა, რეაბილიტირდება და აშენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, სატუმბო სადგურები და სათავე ნაგებობები, რასაც ჯამურად 58 მილიონი ლარი მოხმარდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24 სთ-იანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის და საქობოსწყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის 27 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შედეგად, 17 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.