პანკისის ხეობაში მოქმედმა საოჯახო სასტუმრომ Booking.com-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო
პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში 15 სტუმარზე გათვლილმა „ნაზის საოჯახო სასტუმრომ“ Booking.com-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო.
სასტუმროს მფლობელის ნაზი დაქიშვილის თქმით, მათი რეიტინგი ამ დროისთვის 10 ბალიდან 9.9 არის. ნაზი ამბობს, რომ ხეობის ტურისტული პოტენციალი უცხოელებისთვის მიმზიდველია.
მისი თქმით, ნაზის საოჯახო სასტუმრო 2013 წელს დაარსდა და მსურველებს სათავგადასავლო ტურებს და სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს.
,,ეს არის ყოველწლიური შეფასება, რომელსაც ჩვენს სასტუმროში ჩამოსული სტუმრები ახორციელებენ. ისინი ჩვენთან Booking.com-ის საშუალებით ხვდებიან და რჩებიან. შემდეგ კი, სასტუმროში მიღებულ შთაბეჭდილებებს და მომსახურების დონეს აფასებენ. Booking.com შეფასებებს აჯამებს და ასე დააჯილდოვა ჩვენი სასტუმრო. ჩვენი რეიტინგი წელს 9.9 არის 10-იდან, რაც ძალიან მაღალი შეფასებაა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ტურისტების უმეტესობა იმ სასტუმროში ამჯობინებს დარჩენას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს. წლების განმავლობაში ჩამოსული ჩვენი სტუმრები, სწორედ მაღალი რეიტინგის გამო ირჩევდნენ ჩვენს სასტუმროში დარჩენას. მაღალი რეიტინგი Booking.com- ზე ტურისტებისთვის არის იმის გარანტია, რომ ისინი ჩვენთან მაღალი ხარისხის და მრავალფეროვან მომსახურებას მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო იმ სტუმრებს შეუძლიათ შეფასება, რომლებმაც სწორედ Booking.com-ის საშუალებით დაჯავშნეს და დარჩნენ”,- განუცხადა Knews.ge-ს ნაზი დაქიშვილმა.