ახალი ამბები

მოლებში და ბაზრებში თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას კვლავ სახელმწიფო დააფინანსებს

მოლებში, ბაზრობებსა და ბაზრებში თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას კვლავ სახელმწიფო აფინანსებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნეს ობიექტებში დასაქმებულთა ტესტირების დაფინანსება 2022 წლის იანვრიდან უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა, მისი ამოქმედდება ჯერ 1-ელ თებერვლამდე გადავადდა.

ახლა კი როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ცვლილების ამოქმედება არც თებერვლიდან მოხდება. შესაბამისად, აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებულთა ტესტირება კვლავ სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება.

საუბარია, შემდეგ ბიზნეს ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები), ბაზრები და ბაზრობები (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).

ცნობისთვის, ამ ტიპის ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს, სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.