ახალი ამბები

თელავის საკრებულომ სოციალური, კულტურული და სპორტული პროგრამები დაამტკიცა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძეგლთა დაცვის, სპორტულ-ახალგაზრდული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამები დაამტკიცა.

საკრებულოში განმარტავენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ბიუჯეტში 2 მიოლიონ 800 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

,,პროგრმა ითვალისწინებს 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით, მრავალშვილიანი ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილებისა და 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირთა დახმარებას, სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტებისა და ასევე ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსებას.

პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ძეგლთა დაცვის პროგრამით გათვალისწინებულია: კისისხევის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამუშაოების შესყიდვა; ფსიტის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის კვლევითი, სადაზვერვო – არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამუშაოების შესყიდვა და ა.შ.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების/შესაბამისი პროფილის მასწავლებლების არქეოლოგიური ბანაკი, კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები და კულტურული ინიციატივები. სპორტულ-ახალგაზრდული პროგრამა კი ითვალისწინებს ახალგაზრდული ბანაკის, ახალგაზრდული პროექტების/ინიციატივების და ამ მიმართულებით სხვა მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას”,– განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.