ახალი ამბები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – საგარეჯოს ყოფილმა მერმა საგარეჯოში მიწა უკანონოდ მიითვისა

საგარეჯოს ყოფილმა მერმა საგარეჯოში მიწა უკანონოდ მიითვისა, – ამის შესახებ განცხადება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრებმა გიორგი ბოტკოველმა და ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში გააკეთეს.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი არის იმ დანაშაულებრივი და ხალხის ხარჯზე გამდიდრების გეგმის ნაწილი, რითიც დღეს მოქმედებს ხელისუფლება.

„კახელებს არ აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები, უსაფრთხო გარემო, ამ ადამიანებს აქვთ პირველადი პროდუქტების, მედიკამენტებისა და ანაზღაურების პრობლემა, ამასობაში კი ღარიბაშვილი ნუნუკა თამაზაშვილს ტყეს უფორმებს, ნარმანია 10 ჰექტარ ტყეს საკუთარ მეუღლეს და ასევე, ვხედავთ ამ ფაქტს, რომელიც არის კორუფციის კლასიკური მაგალითი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიაში აცხადებენ, რომ საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფოსთვის ეკლესიისა და სკვერის მშენებლობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი საგარეჯოს ყოფილმა მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით მასთან დაახლოებულ პიროვნებას გადასცა და სავაჭრო ობიექტს აშენებს.

„ეს ტერიტორია 2006 წლიდან ეკუთვნოდა „ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ საგარეჯოელების თხოვნით, აღნიშნული ტერიტორია დავთმეთ იმის გამო, რომ აქ აშენებულიყო ეკლესია და სკვერი,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.