ახალი ამბები

ლაგოდეხში კორონავირუსის გართულებით სასულიერო პირი გარდაიცვალა

ინფექციით გამოწვეული გართულებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ემსხვერპლა.

მამა გიორგი, კორონავირუსს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი, მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.

მამა გიორგი, ერთდროულად, რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. მისი მრევლის ინფორმაციით, ის ვაქცინირებული არ იყო და თანმხლები დაავადებაც აწუხებდა.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას და სამძიმრის წერილს აქვეყნებს საპატრიარქო.

,,გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე. იგი 2004 წლიდან მსახურობდა სოფელ გიორგეთის ტაძარში და წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდა ეპარქიის კიდევ რამდენიმე ტაძრის სამწყსოზე. მღვდელი გიორგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს”,
– წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.