კახეთში 5 საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის დაფიქსირების გამო, კახეთის რეგიონში 5 საჯარო სკოლა ინლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ვირუსი მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით ინლაინ სწავლებაზე ქალაქ თელავის მე-2 საჯარო სკოლა გადავიდა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი, ონლაინ სასწავლო პროცესს ფშავლის, ართანის და ლაფანყურის სკოლები წარმართავენ. ონლაინ სწავლებაზე გადავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლაც. მისივე თქმით, დისტანციურად ისწავლიან თელავის მე-4 სკოლის მე-2 და მე-9 კლასების მოსწავლეები.
ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ სიტუაციაზე, რომელიც სკოლაში იქნება.
,,როცა სკოლაში ეპიდსიტუაცია უარესდება, ამის შესახებ სკოლის დირექცია წერს წერილს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათთან შეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ცალკეული კლასის თუ სკოლის ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანის შესახებ. ამჟამად, ხუთი სკოლა და ორი კლასია გადასული სწავლების ონლაინ ფორმატზე. ყოველი კონკრეტული ვითარება ფასდება და ასე მივდევთ სასწავლო პროცესს”,- აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.
კახეთში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. დღეს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 704 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 71 836 შეადგენს, 440 ადამიანი კი გარდაიცვალა.