გართულებული ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. იზრდება როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობაც. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობაზე თავი შეკავებას სთხოვენ.
ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, კახეთში რეკორდულად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. მხოლოდ ბოლო ორ დღეში რეგიონში ინფიცირების 1330 შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, კახეთის რეგიონში 5 საჯარო სკოლა ინლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ვირუსი მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუდასტურდათ.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით თელავის მე-2, სოფლების ფშავლის, ართანის და ლაფანყურის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლებია გადასული ონლაინ სწავლებაზე. მისივე თქმით, ასევე თელავის მე-4 სკოლის მე-2 და მე-9 კლასები არიან გადასული სწავლის ონლაინ რეჟიმზე.
,,როცა სკოლაში ეპიდსიტუაცია უარესდება, ამის შესახებ სკოლის დირექცია სწერს წერილს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათთან შეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ცალკეული კლასის თუ სკოლის ონლაინ სწავლების რეჯიმზე გადაყვანის შესახებ. ამჟამად, ხუთი სკოლა და ორი კლასია გადასული სწავლების ონლაინ რეჟიმზე. ყოველი კონკრეტული ვითარება ფასდება და ასე მივდევთ სასწავლო პროცესს”,– აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.
ეპიდემიოლოგის თქმით, რაც შეეხება კახეთში მოქმედ კოვიდ კლინიკებს, იქ 187-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული. ნელი ხიზანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით რეგიონში ჯერჯერობით სიმშვიდეა.
,,რაც შეეხება კახეთის კოვიდ კლინიკებს, ჯერჯერობით სიმშვიდეა, განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება. 187 პაციენტია დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალიზირებული. სულ კახეთის კოვიდკლინიკებში 248 საწოლია”,- აღნიშნავს ნელი ხიზანიშვილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ დღეში რეგიონში ვირუსით ინფიცირების 1330 შემთხვევა დაფიქსირდა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 1272 პირი.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 71 836 შემთხვევა დაფიქსირდა, 68 684 პირი გამოჯანმრთელდა და 440 მოქალაქე გარდაიცვალა.
,,რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 71 836 ერთეული, მათგან: ახმეტაში დაფიქსირდა -5 319 შემთხვევა, გურჯაანში-14 546, დედოფლისწყაროში -5 179, თელავში -16 578, ლაგოდეხში -8 480, საგარეჯოში -9 173, სიღნაღში -7 138 და ყვარელში -5 423.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას არის 2 712 პირი, მათ შორის 2 485 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 40 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში და 187 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. რეგიონში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 68 684 პირი, 440 მოქალაქე კი გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.