ახალი ამბები

რძე და რძის პროდუქტები შესაძლოა ისევ გაძვირდეს

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა მიქაძეს თქმით, რძე და რძის პროდუქტები შესაძლოა ისევ გაძვირდეს.

აღნიშნულ საკითხზე მან “ბიზნესპარტნიორთან” ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული რძის დეფიციტის ფონზე, ბოლო 4 თვეა ყველის ფასი იმატებს.

ასოციაციის ინფორმაციით, გაძვირება შეეხო იაფი სეგმენტის ყველა ტიპის ყველს. სულგუნის ფასი რეკორდულ, 25 ლარამდეა გაზრდილი. იმერული ყველის ფასი კი 17 ლარს აღწევს. გაძვირდა რძეც – 1 ლიტრი რძის ფასი უკვე 5 ლარია. როგორც ანა მიქაძე ამბობს, აუცილებელია სახელმწიფომ რძის პრობლემა პრიორიტეტებში გადაიყვანოს, რათა იაფი ყველის სეგმენტი ქვეყანაში არ გაქრეს.

მისივე განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად რძე გარკვეულ სუბსიდირებას უნდა დაექვემდებაროს. ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საჭიროა სასელექციო ფერმების შექმნა, რათა მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანა მოხდეს, რაც რძის წარმოებას გაზრდის.