ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 49 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 49 ფაქტი გამოავლინეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ანაგისა და წნორის ტყეებში, მოქალაქეებმა, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში 5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე-მერქანი, ასევე 20 ერთეული თუთის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების – გიორგეთის, კაბალჰესის, ფონას, აფენისა და საქობოს მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 19 კუბური მეტრი საშეშე მერქანი, ასევე ლაფანის სახეობის 8 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების – პატარძეულის, კოჭბაანის, კაკაბეთისა და იორმუღანლოს მიმდებარე ტყეებიდან, მოქალაქეებმა, უკანონოდ დამზადებული მუხის, რცხილისა და წიფლის სახეობის, ჯამში 6,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – შაშიანის, მუკუზანის, მელაანისა და კალაურის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული მუხის, წიფლისა და რცხილის სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 2,9 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი დაამზადეს და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – კურდღელაურის, კონდოლისა და აკურას ტყეებიდან, მოქალაქეებმა უკანონოდ დამზადებული, ჯამში 7,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან ჯამში 13,1 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი დაამზადეს და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების – ილტოსა და მატანის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს წიფლის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული, ჯამში 5,2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.

სოფელ ქისტაურის სატყეოში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს წიფლის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან მიღებული, ჯამში 47 მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ჯამში ამოღებულია 59 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე-მერქანი და 75 ერთეული მორი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

მათივე თქმით, იმ საქმეების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.