დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა
2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.2 ლარით, შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 223.5 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 223.7 ლარი იყო.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2021 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 31 ლარით არის გაზრდილი. 2020-ის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 192.5 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, 0.1 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 198.1 ლარის ნაცვლად 198 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2020-ის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 170.5 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.