აშშ-ს საელჩო-მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას
„ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და EU გაწევრიანებისკენ“, – ეს არის ამონარიდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული კრიტიკული განცხადებიდან, რომლითაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური უწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს.
განცხადებაში, სადაც აშშ-ის საელჩო მმართველი ძალის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს აფასებს, აღნიშნულია, რომ „ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“.
საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. შეერთებული შტატები ყოველდღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით.
ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.