ახალი ამბები

ქალაქ ყვარლის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ყვარელში 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და საქართველოში კონტრაქტორი კომპანია ,,სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ’’-ის ფილიალის წარმომადგენელმა გუნეი ბელთირიმ.

,,ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 36 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 39,690,977 ლარი მოხმარდება.
ამ ეტაპზე, ქალაქ ყვარლის მოსახლეობის მხოლოდ 10% სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს კი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. რაც შეეხება წყალარინების სისტემებს, არსებული ქსელის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მილსადენის მოწყობა. ასევე, აშენდება წყალარინების ახალი ქსელი”,- განაცხადეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.