ბაზარზე ახმეტაში წარმოებული ყველის ახალი ბრენდი “მზიური“ გამოჩნდება
ბაზარზე წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში წარმოებული ყველის ახალი ბრენდი “მზიური” გამოჩნდება.
„დორანი ფერმის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყველის საწარმოო დანადგარები უკვე შეძენილია.
“ყველის წარმოება პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ. ინვესტიცია ჩვენი არ არის, არც საწარმო, ჩვენ უბრალოდ რძეს ჩავაბარებთ და ისინი ყველს აწარმოებენ. ვიქნებით პარტნიორები და რეალიზაციაზეც ერთად ვიზრუნებთ. პირველ ეტაპზე, დაგეგმილია “გაუდას” სახეობის ყველის და მეგრული სულგუნის წარმოება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ტურიზმის აღდგენის ტენდენციაზე. ვფიქრობთ, ყველის რეალიზაცია, ძირითადად, რესტორნებში მოვახდინოთ და ისინი ვერ იმუშავებენ, თუ მომხმარებელი არ ეყოლათ”, – განუცხადა bm.ge-ს მამუკა წილოსანმა.
ფერმაში ამჟამად 160 სული საქონელი ჰყავთ და ამ დროისთვის მხოლოდ რძის წარმოებით არიან დაკავებული, რომლითაც მხოლოდ კომპანია „სანტე“ მარაგდება.
მისი თქმით, „დორანის ფერმაში“ 12 ადამიანია დასაქმებული. ის კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმაა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წელს შეიქმნა. ფერმაში ჯამურად 1,705,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1,336,500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.