თელავში მთავარი ნაძვის ხის გარდა ალაზნის გამზირზე მდებარე ნაძვის ხის განათებაც დააზიანეს
თელავში, მთავარი ნაძვის ხის გარდა ალაზნის გამზირზე მდებარე ნაძვის ხის განათებაც დააზიანეს.
აღნიშნულ განცხადებას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ვეხმაურებით 26 დეკემბერს, საღამოს, თელავის ცენტრალურ მოედანზე მომხდარ ფაქტს, რის გამოც ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა მოქალაქეთა მხრიდან ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების დაზიანების პირველი შემთხვევა. თელავის მთავარი ნაძვის ხის და ილუმინაციების პარალელურად დააზიანეს ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე ნაძვის ხის განათებაც.
მოგმართავთ თხოვნით, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს. ვანდალიზმის ნებისიმერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.