ISET- საახალწლო სუფრის მომზადება ყველაზე იაფი კახეთშია
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 183 ლარი არის თანხა, რაც საქართველოს მოქალაქეებს 2022 წლის საახალწლო სუფრის გაშლა დაუჯდებათ. ორგანიზაციის შეფასებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.3%-ით არის გაძვირებული.
ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს.
მეთოდოლოგიის მიხედვით, საახალწლო სუფრა შემდეგი კერძებისგან შედგება: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტი – ხილი და გოზინაყი.
“სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.
2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შერადებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).
ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია”, – ნათქვამია ISET-ის ანგარიშში.