რა საახალწლო ტრადიციები არსებობდა კახეთში – ბლოგი
საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა .
არც საახალწლო ტრადიციებია გამონაკლისი და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა. სწორედ ერთ-ერთია კახეთი და ამ ბლოგში წაიკითხავთ იმ ორი გავრცელებული რიტუალის შესახებ, რომელსაც კახეთში ძველად თითქმის ყველა ოჯახში ტარებოდა.
ძველად კახეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ ისე, რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს კი ყველა თავის ჩამიჩიან პურს ჭამდა. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას აჭმევდა.
ასევე, ძველად, მეკვლეს სახლში შემოსვლისას ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ — ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო.
აქვე ისმოდა მესტვირული საახალწლო სიმღერა:
„ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალ წელს დილითა,
ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოქონდეს ქილითა;
ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…
თქვენი კოდები ყოფილა სავსე და — წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და — წითელ ღვინითა;
თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და — ცხვრითა, ბინითა…
თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა…!“
გსმენიათ თუ არა ამ რიტუალების შესახებ ?! ან შესაძლოა კვლავ ატარებთ, რომელიმე რიტუალს. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და იმ რიტუალს, რასაც ახალი წლის ღამეს ატარებთ, სიკეთე და ხვავი მოეტანოს თქვენთვის.