ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ნომინაციაში “ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია”, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების გამარჯვებული გახდა.

ლაგოდეხის ეროვნული პარკი, საქართველოში არსებულ 18 სხვა ეროვნულ პარკთან ერთად, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოვებაში ,,Welcome to Georgia” იღებდა მონაწილეობას. კონკურსში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ტურისტული სერვისები როგორიცაა: სარესტორნე ბიზნესი, სასტუმროები, ტუროპერატორები და სხვა. შესაბამისი ნომინაციის ქვეშ წარმოდგენილი არიან ეროვნული პარკები, რომლებიც ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძეს თქმით, გამარჯვებულების გამოვლენა ჟიურის გადაწყვეტილებით და ხალხის მხარდაჭერით მოხდა. შერჩევა ონლაინ სივრცეში, სპეციალურ პლატფორმაზე მიმდინარეობდა.

,,ეს დაჯილდოვება უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება. ნომინაციაში, “ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია”, ჟიურიმ და მომხმარებელმა ლაგოდეხი გამოარჩია. ეს გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა იმიტომ, რომ მომავალ წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საიუბილეო წელია და 110 წელი უსრულდება. ეს გამარჯვება თითოეული რეინჯერის თუ აქ მომუშავე პირის დამსახურებაა. ისინი თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ დაცული ტერიტორია განვითარდეს.

კორონავირუსის გამო, 2019 წელთან შედარებით, შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა, მაგრამ ამან საშუალება მოგვცა ინფრასტრუქრუტის განვითარების. წინა კვირას დასრულდა ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკის სრული რეაბილიტაცია, პრინციპში, ახალი ბილიკი გაკეთდა თავისი ინფრასტრუქტურით. მოეწყო საკარვე ადგილები, ფანჩატური, სველი წერტილები, დაემატა ლაშქრობის ელემენტები და უფრო უსაფრთხო გახდა. ასევე, იგეგმება დანარჩენი ტურისტული ბილიკების სრული რეაბილიტაცია”,-განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.