ტყის სტატუსის შეწყვეტა/დაბრუნების წესი იცვლება
ტყის სტატუსის შეწყვეტა/დაბრუნების წესთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა „საქართველოს ტყის კოდექსში’’, რომლის თანახმად, ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობაც დაემატა.
კონკრეტულად კი, ტყის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი საინვესტიციო წინადადების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ტყის საკურორტო-რეკრეაციული მიზნით გამოყენებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ინვესტორი ვალდებული იქნება ტყის ლანდშაფტის 75% შეინარჩუნოს. კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა მთავრობის დადგენილება, სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საინვესტიციო წინადადების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები გარემოზე ზემოქმედების შეფასებასაც უნდა ექვემდებარებოდეს.
გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა გადაწყდეს.
ცვლილებების თანახმად, ტყის საკურორტო-სარეკრეაციო მიზნით გაცემის რამდენიმე კრიტერიუმი განისაზღვრა: ლანდშაფტის 75% შენარჩუნებული უნდა იყოს და პროექტის განხილვა საჯაროდ უნდა წარიმართოს.